Tuesday, June 5, 2012

ქართველი სუროგატი დედები

დალი სუროგატი დედაა. მის მუცელში სხვისი შვილი იზრდება, რომელსაც მასთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს. ბავშვი მშობლების ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახა. ხუთი თვის წინ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სუროგატი დედის საშვილოსნოში გადაიტანეს, ანუ მისი სხეული ერთგვარ ინკუბატორად გამოიყენეს. დაბადებისთანავე ბავშვს თავისი უცხოელი მშობლები წაიყვანენ და დალიც პატარას ვეღარასდროს შეხვდება.
30 წლის დალი კახეთიდან არის. უკვე რამდენიმე თვეა, ბინას თბილისში ქირაობს, სოფელში კი ყველა დაარწმუნა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. იცის, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, ცხრა თვის თავზე მის ანგარიშზე 10,000 დოლარი ჩაირიცხება.
9 წლის ქალიშვილი, ორი თვეა, არ უნახავს და კიდევ 4-5 თვეს ვერ ნახავს. ბავშვიც დაარწმუნა, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა. დალის რთული არჩევანის შესახებ მხოლოდ მისმა მეუღლემ და მშობლებმა იციან.
მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: "ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ.
სტატიის გაგრზელება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

ბავშვთა აყვანა

შვილად აყვანის პროცედურა მარტივდება
საქართველოში "შვილად აყვანის შესახებ" კანონში ცვლილებებია, რომელიც ძალაში 2010 წლის 1 მაისიდან შევიდა. გასაშვილებელი ბავშვების შვილად აყვანისას უპირატესობა ენიჭება ნათესავთა წრეს, რომელიც, ამავე კანონის მიხედვით, გაფართოვდა.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის გაშვილებისას უპირატესობა ენიჭებოდათ მის ნათესავებს - და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი-ძმისშვილი, გერი-დისშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ან მათი შვილები. აღნიშნული ცვლილებების თანახმად წრე გაფართოვდა და დაემატა ბიოლოგიური მშობლების ახლობლები, მეგობრები, მეზობლები და შორეული ნათესავები.

ამ დროს ბიოლოგიურ მშობელს უფლება აქვს, პოტენციურ მშვილებელთან ერთად "ერთობლივი მიმართვის" საფუძველზე, შვილი კონკრეტულ პირს ოფიციალურად მიაშვილოს. ამ და სხვა ცვლილებების შესახებ "რეზონანსს" სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკა სანებლიძემ განუცხადა.

ეკა სანებლიძე: "ძველი კანონის თანახმად ბავშვის გაშვილებისას, სხვა მშვილებლებთან განსხვავებით, უპირატესობა ნათესავს ენიჭებოდა, რომელთა წრე განსაზღვრული იყო, რასაც ახალი კანონმდებლობის თანახმად არანათესავთა წრეც დაემატა.

"მშვილებელი და ბავშვის ბიოლოგიური დედა ერთად მოდიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და აცხადებენ თანხმობას ბავშვის გაშვილებასა და შვილობის შესახებ. ანუ, მოდის ბიოლოგიური დედა და აცხადებს, რომ შვილი თავის ახლობელს, ნათესავს, მეგობარს უნდა მიაშვილოს. ეს არის თანხმობის ფორმა, რომელიც ერთობლივად ივსება, რის შემდეგაც იწყება კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩვეულებრივი პროცედურა".

სანებლიძე დასძენს, რომ ცვლილება ბავშვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭებაშიც არის. ბავშვთა სახლებში მოხვედრის შემთხვევაში იწყება კვლევა, თუ რატომ მოხვდა ბავში სააღმზრდელო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური მშობლები ვერ მოიძებნა, მშობლებს ჯერ ბავშვზე უფლებები შეეზღუდებათ, შემდეგ კი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ეს უფლებები საერთოდ ჩამოერთმევათ.ეკა სანებლიძე: "გაფართოვდა ბავშვის მიტოვებულად აღიარების ინსტიტუტი. დღეისათვის ჩვენ მიტოვებულად შეგვიძლია ვაღიაროთ არა მხოლოდ ის ბავშვი, რომელიც ნაპოვნია და რომლის მშობლებიც იდენტიფიცირებულები არ არიან, არამედ ასევე ის ბავშვებიც, რომლის მშობლებიც სახეზეა და რომლებმაც ქმედებით ან სიტყვიერად ბავშვზე განაცხადეს უარი.

"ქმედებაში შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის ბავშვთა სახლში დატოვება და აღარ ნახვა. შვილის უნახველობის ხანგრძლივობა კანონით დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ დედის ქმედება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევუზღუდოთ ან ჩამოვართვათ მისი უფლებები. კანონში მითითებულია, რომ მშობელს უფლება შეეზღუდება მაშინ, როდესაც დატოვება საპატიო მიზეზებითაა გამოწვეული - ავადმყოფობით ან საპატიმროში იმყოფება. ასეთ შემთხვევაში ვახორციელებთ ზრუნვას და ბავშვს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მიმღებ ოჯახებში ვათავსებთ ან ინსტიტუციაში ვტოვებთ.

"მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ბავშვს მიენიჭება გასაშვილებლის სტატუსი და გაშვილების პროცედურა დაიწყება. ბავშვი ყველაზე კარგად თავს ბიოლოგიურ ოჯახში გრძნობს, მაგრამ როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა და ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ყოფნას გარკვეული საფრთხე ემუქრება, მაშინ სახელმწიფო გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს.

"თუ მიმღები ოჯახი 6 თვის განმავლობაში ზრუნავს ბავშვზე და ბავშვს დაუდგინდა გასაშვილებელის სტატუსი, ეს ოჯახი მოიაზრება, როგორც გარკვეული უპირატესობის მქონე.
"ასევე, ახალი კანონის ფარგლებში, გამარტივდა მშვილებელი კანდიდატის დარეგისტრირება. მშვილებელი კანდიდატი რეგისტრირდება განცხადების შევსების საფუძველზე. ის საბუთები, რომლებიც წარსადგენად უშუალოდ დარეგისტრირებისათვის იყო საჭირო, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითხოვდა და გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ახლა საჭირო აღარაა. მშვილებლებს საბუთებს ვთხოვთ მაშინ, როცა რიგი მოუწევთ.

"ერთი მხრივ ეს კანონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიოლოგიურ მშობლებს ოჯახში ჰყავდეთ ბავშვები და მეორე მხრივ ჩაბარებული ბავშვები გამოვიყვანოთ და იმ ოჯახებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, (მათი აყვანის) პროცედურები გავუმარტივოთ. რადგან გაცილებით მეტ ბავშვს მივანიჭებთ გასაშვილებლის სტატუსს, უფრო მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება და უფრო მეტი ბავშვი იქნება გასაშვილებელი. ჩვენი პროგრამა მაქსიმალურადაა მიმართული იქითკენ, რომ ბავშვის უფლებები და ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული".